საზაფხულო სკოლა

სამშვილდის საზაფხულო სკოლა არქეოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში 2020

 სამშვილდის საზაფხულო სკოლა არქეოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში იღებს აპლიკაციებს 2020 წლის ზაფხულის სეზონისათვის. 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის, ვადებისა და საფასურის შესახებ იხილეთ ქვემოთ. დაინტერესებულმა პირებმა შევსებული აპლიკაცია უნდა გადმოაგზავნონ მეილზე infosamshvilde@ug.edu.ge არა უგვიანეს 2020 წლის 14 თებერვლისა. 

  სამშვილდის საზაფხულო სკოლა გთავაზობთ სამკვირიან ინტენსიურ კურსს არქეოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში. კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სამშვილდის ციტადელის არქეოლოგიურ გათხრებში და ასევე, სამშვილდის სიონის სიახლოვეს მდებარე სამაროვანის კვლევებში. აღნიშნული კურსი პროგრამის მონაწილეებს განუვითარებს პროფესიონალი არქეოლოგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს და შესძენს სათანადო ცოდნას.

გარდა ამისა, პროგრამის კიდევ ერთ, მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ  მონაწილეებს მიეცეთ საბაზისო ცოდნა ოსტეოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სფეროებში ცოდნის დაგროვების საუკეთესო გზა სწორედ პრაქტიკულ-საველე სამუშაოებში მონაწილეობის მიღებაა.

   კურსი მოიცავს:

1)  საველე სამუშაოებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ზოგად-არქეოლოგიური და სამარხთა გათხრების სპეციფიკური მეთოდოლოგია, მოპოვებული ინფორმაციის დოკუმენტირება და მცირე მონაპოვარის ინვენტარიზაცია. 

2) მცირე მონაპოვარის კამერალურ სამუშაოებს. მონაწილეები უშუალოდ იქნებიან ჩართული მცირე მონაპოვარის გარეცხვა/გაწმენდით პროცესში, აღწერა-განსაზღვრასა და გრაფიკულ აღდგენით სამუშაოებში. ასევე, ლითონის ნივთების, მონეტების, ანთროპოლოგიური ნაშთებისა და ცხოველთა ოსტეოლოგიური ნარჩენების კლასიფიკაცია დოკუმენტირებაში.

3) სემინარებს. კურსის განმავლობაში გაიმართება სემინარები, რომლებიც დაკავშირებული იქნება სამშვილდის არქეოლოგიური კომპლექსის კვლევებთან, საქართველოს არქეოლოგიასთან და ბიოარქეოლოგიის საფუძვლებთან (კონკრეტული თემები წარმოდგენილი იქნება სკოლის მუშაოების პროცესში).

პროგრამის მონაწილეებისთვის მოეწყობა ორი კულტურული ტური  და ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. რა თქმა უნდა საზაფხულო სკოლა დასრულდება გემრიელი ქართული კერძებითა და კეთილშობილი ღვინით.

   კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:

· არქეოლოგიური და სამარხეული კონტექსტების გათხრების გამოცდილება

· არქეოლოგიური დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის ჩაწერის ცოდნა

· არტეფაქტების კონსერვაციის საბაზისო ცოდნა

· საველე ფოტოგადაღების პრაქტიკული ცოდნა

· არტეფაქტების ჩახატვის უნარი

· საბაზისო ცოდნა ფიზიკურ ანთროპოლოგიაში

   სამშვილდის საზაფხულო სკოლა არქეოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში - 12 ივლისი - 4 აგვისტო. 2020 წელი.

   აკადემიური ხარისხის ფლობა სამშვილდის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის საჭირო არ არის. თუმცა, საჭიროა, რომ პროგრამის მონაწილეებს გააჩნდეთ გუნდურად მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ასევე, ინდივიდუალური ხედვა და კრიტიკული აზროვნება. იმის გამო, რომ ქართულთან ერთად საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური, საჭიროა ამ ენის  მინიმუმ B2  დონეზე ფლობა.

   თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ აპლიკანტი პოზიტიურად იყოს განწყობილი ჯგუფის სხვა წევრების  მიმართ, ჰქონდეს სურვილი გაიღრმავოს ცოდნა აღნიშნულ დარგებში და ამავე დროს, მაქსიმალურად შეიტანოს წვლილი საზაფხულო სკოლის წარმატებით ფუნქციონირებაში. 

4 625 ლარი არის სამშვილდის საზაფხულო სკოლის საფასური.

აპლიკანტებმა, რომლებიც შეირჩევიან საზაფხულო სკოლისათვის თანხა უნდა ჩარიცხონ ორ ეტაპად:

  • აპლიკაციის საფასური 625 ლარი (2020 წლის 28 თებერვლამდე)
  • პროგრამის საფასური 4 000 ლარი (2020 წლის 27 მარტამდე)