საზაფხულო სკოლა
სამშვილდის საზაფხულო არქეოლოგიური სკოლის 2025 წლის სეზონისათვის რეგისტრაცია დაიწყო!
სამშვილდის საზაფხულო სკოლა 2025
საზაფხულო სკოლა არქეოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისა და მოხალისეებისათვის.
პროგრამაში ჩართვის მსურველთა სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.
წლევანდელი არქეოლოგიური სეზონი განსაკუთრებული იქნება! მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სამშვილდის შუა საუკუნეების ციტადელისა და სამშვილდის სიონის უბნის არქეოლოგიური გათხრებში.
ციტადელი სამშვილდის ისტორიული ნაქალაქარის მთავარი საფორთიფიკაციო ნაგებობაა, სიონის უბანი კი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაა. გასულ წლებში აქ მნიშვნელოვანი სამარხები აღმოჩნდა, იმედი გვაქვს, რომ სამარხები წელსაც იჩენენ თავს!
სამშვილდის საზაფხულო სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ კურსს არქეოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სამშვილდის ციტადელის არქეოლოგიურ გათხრებში და ასევე, სამშვილდის სიონის სიახლოვეს მდებარე სამაროვანის კვლევებში. აღნიშნული კურსი პროგრამის მონაწილეებს განუვითარებს პროფესიონალი არქეოლოგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს და შესძენს სათანადო ცოდნას.
გარდა ამისა, პროგრამის კიდევ ერთ, მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მონაწილეებს მიეცეთ საბაზისო ცოდნა ოსტეოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სფეროებში ცოდნის დაგროვების საუკეთესო გზა სწორედ პრაქტიკულ-საველე სამუშაოებში მონაწილეობის მიღებაა.
კურსი მოიცავს:
1) საველე სამუშაოებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ზოგად-არქეოლოგიური გათხრების მეთოდოლოგია, მოპოვებული ინფორმაციის დოკუმენტირება და მცირე მონაპოვარის ინვენტარიზაცია.
2) მცირე მონაპოვარის კამერალურ სამუშაოებს. მონაწილეები უშუალოდ იქნებიან ჩართული მცირე მონაპოვარის გარეცხვა/გაწმენდით პროცესში, აღწერა-განსაზღვრასა და გრაფიკულ აღდგენით სამუშაოებში. ასევე, ლითონის ნივთების, მონეტების, ანთროპოლოგიური ნაშთებისა და ცხოველთა ოსტეოლოგიური ნარჩენების კლასიფიკაცია დოკუმენტირებაში.
3) სემინარებს. კურსის განმავლობაში გაიმართება სემინარები, რომლებიც დაკავშირებული იქნება სამშვილდის არქეოლოგიური კომპლექსის კვლევებთან, საქართველოს არქეოლოგიასთან და ბიოარქეოლოგიის საფუძვლებთან (კონკრეტული თემები წარმოდგენილი იქნება სკოლის მუშაოების პროცესში).
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:
· არქეოლოგიური კონტექსტების გათხრების გამოცდილება
· არქეოლოგიური დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის ჩაწერის ცოდნა
· არტეფაქტების კონსერვაციის საბაზისო ცოდნა
· საველე ფოტოგადაღების პრაქტიკული ცოდნა
· არტეფაქტების ჩახატვის უნარი
· საბაზისო ცოდნა ფიზიკურ ანთროპოლოგიაში
მიმდინარე წლის ზაფხულში სამშვილდის არქეოლოგიური საზაფხულო სკოლა მონაწილეებს ორ ჯგუფად უმასპინძლებს:
პირველი ჯგუფის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გათხრებში ჩაერთონ 10 ივნისიდან 20 ივნისამდე.
მეორე ჯგუფის მონაწილეები კი გათხრებში ჩართვას შესძლებენ 24 ივლისიდან 3 აგვისტომდე.
დამატებით, იმ პირებისათვის, ვისაც გათხრებში ჩართვა მხოლოდ რამდენიმე დღის შეუძლიათ, შეთავაზებული იქნება განსაკუთრებული, მოქნილი გრაფიკი. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს პირები საზაფხულო სკოლის დირექტორს, პროფესორ დავით ბერიკაშვილს წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ შემდგე მეილზე: davidberikashvili8@gmail.com
საზაფხულო სკოლაში მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არა უგვიანეს, 2025 წლის, 1 ივნისისა.
დაგივანებული რეგისტრაცია გაართულებს მოხერხებული გრაფიკისა და გათხრებში ჩართვის შესაძლებლობას.
წინასწარული გამოცდილება სამშვილდის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის საჭირო არ არის. თუმცა, საჭიროა, რომ მონაწილეებს გააჩნდეთ გუნდურად მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ასევე, ინდივიდუალური ხედვა და კრიტიკული აზროვნება. იმის გამო, რომ ქართულთან ერთად საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური, საჭიროა ამ ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მონაწილე პოზიტიურად იყოს განწყობილი ჯგუფის სხვა წევრების მიმართ, ჰქონდეს სურვილი გაიღრმავოს ცოდნა აღნიშნულ დარგებში და ამავე დროს, მაქსიმალურად შეიტანოს წვლილი საზაფხულო სკოლის წარმატებით ფუნქციონირებაში.
სამშვილდის საზაფხულო არქეოლოგიური სკოლის პირველი ჯგუფის (10 ივნისი - 20 ივნისი, 2025) მონაწილეების საფასური შეადგენს 770 აშშ დოლარს.
სამშვილდის საზაფხულო არქეოლოგიური სკოლის მეორე ჯგუფის (24 ივლისი - 3 აგვისტო, 2025) მონაწილეების საფასური შეადგენს 770 აშშ დოლარს.
იმ პირებმა, ვისაც გათხრებში ჩართვა მხოლოდ რამდენიმე დღის სურთ, თითოეულ დღეზე უნდა გადაიხადონ მოსაკრებელი 80 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნული საფასური მთლიანად ფარავს ბინადრობისა და სხვა ტიპის ლოჯისტიკურ ხარჯებს საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურ ბაზაზე; კვების, უფასო ინტერნეტის საფასურს, აგრეთვე ერთჯერად ექსკურსიას რომელიმე ისტორიული ძეგლზე და გათხრებისათვის საჭრო ხელსაწყოებით უზრუნველყოფის ხარჯებს.
საფასურში არ შედის ბრენდირებული საექსპედიციო ჰუდი (დამატებით 40 აშშ დოლარი) და ბრენდირებული საექსპედიციო მაისური (დამატებით 30 აშშ დოლარი).
საფასური აგრეთვე არ ფარავს პირადი მოხმარების ნივთებისა და მედიკამენტების ღირებულებას.
