კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშვილდეში
სამშვილდე კავკასიის ერთერთი უძველესი ნაქალაქარია. მისი მრავალსაუკუნოვანი წარსულის შესახებ წყაროები ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდიან, მათ შორის ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ გადადიოდა იგი სხვადასხვა დამპყრობელის ხელში, ვიდრე 1110 წელს დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ არ გაანთავისუფლა და ერთიანი საქართველოს სამეფოს ფარგლებში არ მოაქცია. სამშვილდის ხანგრძლივი ისტორია თვალნათლივ არის ასახული მიწის ზედაპირზე შემორჩენილ ისტორიულ ძეგლებსა თუ მიწის ქვეშ განფენილ არქეოლოგიური შრეებში. სწორედ ამ შრეებიდან მომდინარეობს სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური არტეფაქტები, მათ შორის კერამიკული ნაწარმი, ლითონის ნაკეთობები, მინის, ქვის, ძვლის ნივთები და არქიტექტურული დეტალები.
მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი და საინტერესო წარსულისა, სამშვილდის გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევები უკანასკნელ ხანებამდე არ ჩატარებულა. ვითარება შეიცვალა 2012 წელს, როდესაც საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო მრავალწლიანი პროექტი, რაც ნაქალაქარის არქეოლოგიურ და ინტერდისციპლინურ კვლევებს ითვალისწინებს.
დღეისათვის ამ კვლევებში პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული როგორც ქართული, ისე უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტები და ასპირანტები. გარდა ამისა, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია მიესალმება და მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც დაინტერესებულია სამშვილდის წარსულით, აწყმოთი და მომავლით.